რადიო „აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, „სმარტის“ წინ საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და დაცის პოლიციაა კონცენტრირებული, სადაც ათამდე მოზარდმა ორი გოგო და ორი ბიჭი სცემა.
„აფხაზეთის ხმის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, რომ „რედისონის“ მხრიდან ოპერის მიმართულებით მიმავალ ორ ბიჭსა და ორ გოგოს მოულოდნელად თავს დაესხა პლასტმასის ბოთლებითა და ჯოხებით შეიარაღებული ათამდე მოზარდი, რომლებიც ბიჭებს „პიდარასტებს“, გოგონებს კი „ლესბიანკებს“ უწოდებდნენ და ჯოხით სცემდნენ.
ოთხ პირზე აგრესიული მოზარდების თავდასხმის მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბიჭის გრძელი თმა გახდა: დევნის დროს მოზარდებმა განსაკუთრებული აგრესია მის მიმართ გამოიჩინეს. „შენი გრძელთმიანი პიდარასტი დედას შევ***“, - ყვიროდნენ მოზარდები.
ოთხმა პირმა თავს გაქცევით უშველა და „სმარტში“ შევარდა, თუმცა მოზარდები მათ თან შეჰყვნენ და აგრესიული ქმედება გააგრძელეს, რასაც „სმარტის“ პერსონალის მხრიდან ღილაკ „განგაშის“ ჩართვა მოჰყვა. ამის შემდეგ აგრესიულ მოზარდთა უმრავლესობა გაიქცა, ხოლო განგაშის შემთხვევის გამო ადგილზე რამდენიმე წუთში მისულმა დაცვის პოლიციის შეიარაღებულმა ჯგუფმა ორი ეჭვმიტანილი დააკავა და თითქმის პარალელურად მოსულ საპატრულო პოლიციას გადასცა.
ამ წუთებში „სმარტის“ წინ იმყოფებიან როგორც დაზარალებულები, ასევე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი მოზარდიც. პოლიცია მის მეურვეებთან დაკავშირებას ცდილობს და მომხდარი ფაქტის შესახებ ოქმს ადგენს. დაზარალებულებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს. ასევე არ აკეთებენ კომენტარს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.
ფოტო გადაღებულია შემთხვევის ადგილზე, "აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტის მიერ.